ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო პიკნიკში: „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც გაიმართა 2023 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ღონისძიება მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების სფეროში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ღია ცის ქვეშ, 30-მდე გაშლილ კარავში წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომლებიც სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელს სახალისო და საინტერესო ფორმით მიეწოდა. ჩატარდა სამეცნიერო ექსპერიმენტები, მოეწყო ინტერაქციული გამოფენები, გასართობი აქტივობები და შემეცნებითი ვიქტორინები.
