2024 წლის 7-10 მაისს თბილისში, რედისონ ბლუ ივერიასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის საქართველოს საიუბილეო XIII ეროვნული კონგრესი, ასთმის, ფქოდ-ისა და რესპირაციული ალერგიის ევროპის IX კონგრესი და III საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“, რომლის ოქროს სპონსორიც, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი იყო. მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმზე შეიკრიბა 240 მონაწილე, რომელთა განხილვის საგანს კლინიკური იმუნოლოგიის აქტუალური თემები შეადგენდა.
კონგრესის მსვლელობისას აღინიშნა იმუნოლოგიის საერთასორისო დღე და მსოფლიო ალერგიის მსოფლიო კვირეული, რომლებიც მაისის თვეში იმართება ხოლმე. კონგრესისა და სკოლის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ და დისკუსიაში ჩართულიყვნენ პლენარული სესიის მომხსენებლებთან, დაესწრებოდნენ პლენარულ და სააქტო ლექციებს, 12 სიმპოზიუმს, ონლაინ სესიას, ასევე საერთაშორისო სკოლას „ასთმის მსოფლიო დღე“ და ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის სესიებს: „ახალი საზღვრები მედიცინასა და ბიოლოგიაში“, „ახალი საზღვრები იმუნოლოგიაში“, „ახალი საზღვრები ნეიროიმუნოლოგიაში“. სკოლის მონაწილეებისათვის ასევე მოეწყო სემინარი „პროექტი ერთ დღეში“.
კონგრესის სიმპოზიუმებზე მონაწილეებმა იმსჯელეს ალერგიის, ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიასა და დიაგნოსტიკაზე, რესპირატორული და კანის დაავადებების იმუნოპათოგენეზზე, დასახეს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი შესაძლებლობები.
პლენარულ ლექციებზე, სიმპოზიუმებზე იმუნური დარღვევების ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობისა და მართვაში ციფრული მედიცინის გამოყენების კვლევების გაცნობის შემდეგ გაშლილმა დისკუსიებმა ახალი პერსპექტივები გახსნა პერსონალიზებული მედიცინაში, იმუნური პასუხით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის მათემატიკურ მოდელირებასა, ალერგიისა და აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით.